19 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
კობი-გუდაურის გზა ჩაკეტილია - ადგილზე სატვირთო ავტომობილების 10-კილომეტრიანი რიგებია

კობი-გუდაური ისევ ჩაკეტილია - უკვე მეოთხე დღეა, გადაადგილება ყველანაირი სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. მანქანების რიგები დუშეთიდან იწყება. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ადგილზე ისევ ზვავსაშიშროება და ძლიერი ქარია, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

ადგილზე, ასევე, 10 კილომეტრიანი სატვირთო ავტომობილების რიგებია. როგორც მძღოლები "კურიერთან" აცხადებენ, მათ საჭირო პროდუქტებსა და წყალზე, ამ დროისთვის, დეფიციტი არა აქვთ, თუმცა, მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მოხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, მათ უკვე საჭირო პროდუქტებსა და საწვავზე შეექმნებათ დეფიციტი.

"3 დღეა ვდგავარ, მაგრამ ჯერ არაფერია ცნობილი, თოვლია გამოცხადებულია და რა იქნება, არ ვიცით. თოვს უღელტეხილზე და გზა არ არის," - აცხადებს ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

დიდთოვლობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც შექმნა. სტეფანწმინდაში ამ დრომდე ჩარჩენილია ათეულობით მანქანა, რომელიც გადაადგილებას ვერ ახერხებს.

"ქარია ზოგადად, თვითონ უღელტეხილზე ჩამოთოვა კიდეც. სავარაუდოდ, ალბათ, სამშაბათს შეიძლება გაიხსნას, თუ არ გაუარესდა ამინდი. სტიქია ისეთი რაღაცაა, რომ ამის წინ ვერავინ ვერ წავა. ყურადღების ქვეშ ვართ," – განაცხადა დამსვენებელმა თენგო ხუციშვილმა.

ყაზბეგის მერის ინფორმაციით, მათ ჩარჩენილი ადამიანები საკვები პროდუქტებითა და დროებითი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყვეს.

"11 იანვრიდან აკრძალულია გადაადგილება ქარისა და ზვავსაშიშროების გამო. ვერ ირთვება, ჯერჯერობით, საბაგირო. სასტუმროებში არიან გადანაწილებული ადამიანები, კიდევ პატარა მანქანებით არიან დამსვენებლები. უამინდობის გამო, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება," - აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი.

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები