პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერები ლეგიტიმურია. მამუკა მდინარაძის განმარტებით, პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე მოპოვებულ ჩანაწერებში ნათლად ჩანს მინიმალური ეჭვის საფუძველი, რომ შესაძლოა სხვა პირთა თანამონაწილეობასთან გვქონდეს საქმე და ზემდგომი ორგანოების, თუ პირების მიერ დანაშაულებრივ ჩარევასთან.
"ჩვენ ვიხილეთ ლეგიტიმურად მოპოვებული ფარული ჩანაწერები პროკურატურის მიერ, სადაც ნათლად ჩანს მინიმუმ ეჭვის საფუძველი, რომ იქ შესაძლოა სხვა პირთა თანამონაწილეობასთან გვქონდეს საქმე და ზემდგომი ორგანოების თუ პირების მიერ დანაშაულებრივ ჩარევასთან. თუმცა, ეს მხოლოდ ეჭვია, ამის იქით მე ვერ გავწვდები ამ შეფასებას. დანარჩენი გამოძიების საქმეა.
ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ ჩანაწერები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავის დროზე საქმე გვქონდა საქართველოს საწინააღმდეგო, ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან, რასაც არ აკეთებდნენ მაშინ ჩვენი აზერბაიჯანული მეგობრები, სამწუხაროდ აკეთებდნენ ჩვენი წარმომადგენლები,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეს წერტილი საბოლოოდ სასამართლომ უნდა დაუსვას.
"პოლიტიკურ ასპექტს, თუ გავუსვამთ ხაზს და აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორია შეიძლება იქნეს გასხვისებული რაღაც გაურკვეველი ჩვენთვის დღემდე მიზეზით. ეს არის ის ფაქტი, რომელიც მე მგონია, რომ ვერანაირად ვერ იქნება შერყეული, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველაფერს საბოლოოდ წერტილი სასამართლომ უნდა დაუსვას," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე მოპოვებული ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერი ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთდა.