პარტია "გირჩი" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს და კრიზისი, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს.
ამასთან "გირჩი" აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია არჩევანს მაინც მანდატების გაუქმებაზე გააკეთებს, მაშინ "გირჩის" წევრებიც მოითხოვენ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას:
"ხვალ "ქართული ოცნება" განიხილავს ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და არც ერთი მხარე საჯაროდ არ გამოთქვამს მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს და არც იღებს პასუხისმგებლობას ჩაშლაზე.
- "ქართული ოცნება", როგორც მმართველი პარტია არის მთავარი პასუხისმგებელი საკამათო არჩევნების ჩატარებაზე და ლოგიკურია, რომ მას ეკისრება მომეტებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც.
- ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.
ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს "ქართული ოცნებიდან", საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ ამ რისკების გააზრებით მივიდეთ.
- თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, "ქართული ოცნება" მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ "ქართული ოცნების" მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს,"- ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.