"ქართული ოცნების" დღევანდელ გადაწყვეტილებას ოპოზიცია მანდატებით ვაჭრობად აფასებს. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ მათ საკანონდებლო ორგანოში მუშაობის სურვილი არ აქვთ და პროცედურის გახანგრძლივებით ეს მოცემულობა არ შეიცვლება.
"ეს არის აბსურდული სპეკულაცია. მდინარაძემ შემდეგ დააზუსტა თითქოს და ის ადამიანები, ვისაც შესვლა სურთ პარლამენტში კამერებთან არ ჩნდებიან და ამით მალავენ საკუთარ მისწრაფებებს. საკუთარი განაცხადი თითოეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გააკეთა მაშინ, როდესაც დაწერა განცხადება და ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მოხდებოდა ამ განცხადებების დაკმაყოფილება კონსტიტუციურ ნორმებთან შესაბამისობაში, მაგრამ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" არც კეთილსინდისიერება აინტერესებს მოლაპარაკებების პროცესში და არც კონსტიტუციის ნორმების პატივისცემა," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეს, რომელიც მათთვის მისაღები იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშაძის თქმით, რეალობა არ შეიცვლება.
"ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაინახა, რომ დიალოგს და შეთანხმებას აქვს დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ მათ ამის შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან და კონკრეტული წინადადებებით უნდა მოვიდნენ ოპოზიციასთან, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. სხვა შემთხვევაში ჩვენთვის არაფერი არ იცვლება ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები წაყენებული გვაქვს მოლაპარაკების კუთხით, არ ვაპირებ არანაირი ახალი ინიციატივებით გამოსვლას, ველოდებით "ქართული ოცნებისგან" წინადადებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ "გირჩის" მთავარი ამოცანა თავიდანვე იყო პარლამენტში შესვლა, თუმცა სხვა პირობებით.
"ჩვენი, "გირჩის" მთავარი ამოცანა იყო პარლამენტში მოხვედრა, ოღონდ ჩვენ მართლა პარლამენტში გვინდოდა. ფიზიკურად რომ დასრულდა ეს ყველაფერი, აღმოჩნდა, რომ შენობას აწერია პარლამენტი, თუმცა შიგნით პარლამენტი არაა. ჩვენ 3 თვეა ვცდილობთ შენობას თავისი რეალური შინაარსი დაუბრუნდეს. მე პარლამენტში მართლა მინდა ჩემს კოლეგებთან ერთად იმ საქმეების გასაკეთებლად, რომელიც დიდი ხანია ნათქვამი მაქვს, რომ მინდა გავაკეთო ეს საქმე. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე არსად შესათრევი არ ვარ, მე იქით მინდა, რომ ვიღაცები სადღაც შევიყვანო, ოღონდ სწორად, მორალურად გამართული პოზიციით," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
"გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება მანდატების გაუქმების საკითხს მიზანმიმართულად აჭიანურებს.
"ერთადერთი რამ არის, რომ გაწელონ დრო, დატოვონ ის ფანჯარა ღია და მუდმივად მედიაში თემა იყოს ვინმე შედის თუ არ შედის, ამან ეს თქვა და იმან ის თქვა და ვაიმე ხომ არ შეიცვალეთ აზრი და ეს რაღაცა მარაზმი, რომელიც გრძელდება უკვე ამდენი ხანია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას მოგიწოდებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე მაქვს დაწერილი განცხადება, რომ არ მინდა პარლამენტში შესვლა და არავის უფლება არ აქვს ამაში ხელი შემიშალოს და დამავალდებულოს, რომ მოდი და გინდა თუ არა შენ აქ უნდა იმუშაო," - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს სასარგებლოდ უმნიშვნელოვანესი იქნებოდა კრიზისის განმუხტვა, რომლის ერთადერთი გზაც ახალი არჩევნების ჩატარებაა.
"ჩვენ პარლამენტი კი არ გვძულს, საქმე კი არ გვეზარება, უსამართლობაში მონაწილეობა არ გვინდა, მხოლოდ ეს არის, თორემ პარლამენტში ყველა მზად არის შევიდეს, გააჩნია რის ხარჯზე," – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ვადამდელი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით გონივრული ნაბიჯი გადადგან.
"მინდა მოვუწოდო "ქართულ ოცნებას", რადგან მათ დღეს არ უყარეს კენჭი მანდატების შეწყვეტას, გამოყენებული იქნეს ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ მათ გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნების და ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც არასდროს აღარ დაბადებს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღს, 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთთვის მანდატების გაუმების საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. შესაბამისად, მათ დეპუტატის მანდატები ჯერ კიდევ აქვთ.