17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
სივრცე პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად თუ "მანდატებით ვაჭრობა" - ოპოზიციისთვის პარლამენტის კარი ღია დატოვეს

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯით "ოცნება" ოპონენტების საბოტაჟს უპირისპირდება და, ამასთან, ტოვებს სივრცეს პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებში სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. "გირჩის" წევრებმა გადაწყვეტილება მოიწონეს, ხოლო ოპოზიციურ ერთობაში ამ ნაბიჯს "მანდატებით ვაჭრობა" უწოდეს. 

მმართველ გუნდში არ დაუმალავთ, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. დღეს მათ იმის მტკიცებაც მოუწიათ, რომ რეგლამენტი არ დაურღვევიათ და პარლამენტმა საკითხი პროცედურის დაცვით განიხილა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში, 9 პარტიის ნაცვლად, 3 პარტიის 96 დეპუტატია წარმოდგენილი. შეიცვლება თუ არა ეს კონფიგურაცია, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების პერსპექტივასა და მხარეების პოლიტიკურ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

დღის ამბები