იუსტიციის სახლთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილი მორაგბეები და სხვადასხვა სარაგბო კლუბების წარმომადგენლები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც ირაკლი აბუსერიძისათვის რაგბის კავშირის თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაციას უკავშირდება.
დოკუმენტაცია უწყებამ დაახარვეზა, რის შემდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აბუსერიძის თავმჯდომარეობის საკითხი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.
მორაგბეების თქმით, რაგბის კავშირს ჰყავს პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე, მათი შეფასებით, ის კანონიერად არის არჩეული და საჯარო რეესტრმა ამ გადაწყვეტილებას ლეგიტიმაცია უნდა მისცეს.
"კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს ქართულ რაგბიში. არ დაელოდნენ არაფერს, ხარვეზის განხილვას და უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, რომ თავიდან სხვა აზრზე იყო სამინისტრო და ბოლოს მაინც, ეტყობა ზეწოლები იყო და რაღაცეებში მაინც მხარი დაუჭირა...
ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ. რა თქმა უნდა კონსტრუქციულად და არანაირ არეულობას არ ვგეგმავთ," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"კონკრეტულად გვითხრან, რა იყო დარღვევით ჩატარებული, რატომ არ შედის ძალაში ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა. შემდეგ კი ვუპასუხებთ ამ კითხვებს. ყოფილი გამგეობა იკრიბება და არჩევნებს ნიშნავს, ეს მიუღებელია," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეების თქმით, რეესტრი ვალდებულია ირაკლი აბუსერიძე დაარეგისტრიროს რაგბის კავშირის პრეზიდენტად.
"ვიცით დაახლოებით რა პასუხი გამოვა, შესაბამისად, ეს აქციაც არის ამის გამოძახილი. ჩვენ ვართ საბრძოლო განწყობაზე და უკან დამხევი არავინ არ არის. ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანობა. ჩვენ გვყავს რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტი, რომელიც არის კანონიერად არჩეული და რეესტრმა ლეგიტიმაცია უნდა მისცეს აუცილებლად მას," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გარდა ამისა, როგორც შეკრებილები ამბობენ, 75% ირაკლი აბუსერიძეს უჭერს მხარს.
არ ვაპირებთ შევეგუოთ მოგებული არჩევნების წაგებას და ვიბრძოლებთ ყველა დასაშვები მეთოდით. 75% არიან ირაკლი აბუსერიძის და სიმართლის ვდგავართ, 25%, რომელიც არის ძველი კლანი წარმომადგენლები, ისინი დგანან მეორე მხარეს," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ირაკლი აბუსერიძის საჩივრის განხილვა 15:00 საათზე დაიწყო.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი