17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილის პარტიამ, ჩაერთოს კომისიის მუშაობაში და დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის რესურსი არსებობს. საგამოძიებო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებული დარღვევები და გადაცდომები.

ისინი განმარტავენ, რომ დღევანდელი მოცემულობითაც კი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის პრობლემა არ შეიქმნება და დაცული იქნება რეგლამენტის მთავარი პრინციპი, რომ უმრავლესობა კომისიაში არ იყოს უმრავლესობით წარმოდგენილი.

მმართველი გუნდი ოპონენტებს ურჩევს კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. 

"ვერ გამოვიდნენ ისინი იმ ნარატივიდან, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა. თუ ასე ამბობს, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს ამ ფორმატში და თავადვე დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა.

თუ აქვთ მათ 1%-იანი შანსი და ასევე 1%-იანი სიყალბე დაადასტურონ მტკიცებულებებით, პრაქტიკულად და არა მხოლოდ სპეკულაციურად როგორც ამას ისინი აკეთებენ, ამის შანსი აქვთ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, თუ არადა მაშინ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმისთვის, რომ ატყუებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში შესაძლებელია რომ ოპოზიცია უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი, ასევე უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები თანაბრად იყვნენ ჩართული მუშაობაში. 

"უმრავლესობა არ უნდა იყოს უმრავლესობით წარმოდგენილი. ანუ, თეორიულად შესაძლებელია ოპოზიცია უმრავლესობითაც იყოს წარმოდგენილი, ასევე შესაძლებელია რომ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შესაძლებლობას დღეს არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია პარლამენტში იძლევა. მაგრამ მე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პარლამენტის წევრის სტატუსი და უბრალოდ ამ მომენტამდე ჯერ კიდევ არ შემოსულა პარლამენტში, მათი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.   

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით კომისიის წევრთა უმრავლესობა უნდა იყოს ოპოზიციონერი, თუ გამოძების პროცესში "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი" არ მიიღებს, კომისიის წევრობას არ აპირებს ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები