პოლიტიკური შანტაჟი და ანგარიშსწორების მცდელობა - ასე აფასებს ოპოზიცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს.
"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე ხაზს უსვამს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ნიკა მელია ჯერ კიდევ დეპუტატია და იმუნიტეტი იცავს.
"მცდარ გზას ადგანან, რადგან მსგავსი ზეწოლა პირიქით - ჩვენს დამოკიდებულებას გააძლიერებს და არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის. "ქართული ოცნება" ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეხვედრები და შეთანხმებები მიაღებინებს რაიმე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა - შანტაჟი.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაურ რამეს აკეთებს, რადგან ნიკა მელია, მათივე გადაწყვეტილებით, არის დეპუტატი და იცავს სადეპუტატო იმუნიტეტი. ამიტომ, სანამ პროკურატურაში დაიბარებდნენ, კეთილი ინებონ, იმსჯელონ და მოუხსნან ეს უფლებამოსილება, მით უმეტეს, რომ ბატონ ნიკას ეს განცხადება უკვე დაწერილი აქვს,"-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
"ლელოს" წევრის, ლევან სამუშიას შეფასებით, ხელისუფლება ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებით ოპოზიციის შანტაჟს და დაშინებას ცდილობს.
"ოპოზიციის ერთიანობით შეშინებული ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ ოპოზიციის ლიდერების დაბარებით პოლიტიკურ პროკურატურაში, პოლიტიკურ საგამოძიებო ორგანოებში, ვინმე შეაშინოს. რეჟიმი ცდილობს და იყენებს იმ ბერკეტებს, რაც მას გააჩნია - ეს არის პოლიტიკურ დევნა და ტერორი, მაგრამ მისი არავის ეშინია,"-განაცხადა ლევან სამუშიამ.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ეს არს შანტაჟი, რომლის მიზანია, ზეწოლა მოახდინოს ოპოზიციაზე და დაითანხმოს პარლამენტში შესვლაზე.
"ივანიშვილის ფარული ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩრდილში გავიდა, თავისი საცეცებით მოქმედებს, აამუშავა რეპრესიული მანქანა, რათა ჩაახშოს ის უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაშია. მის მიზანია, დაშინება, შანტაჟი, ზეწოლა მოახდინოს ოპოზიციაზე და დაითანხმონ პარლამენტში შესვლაზე,"-განაცხადა გიორგი გუგავამ.
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაა.
"ის ინციდენტები, რაც სპეცრაზმელებთან ხდებოდა, ძალიან არასასიამოვნო იყო, მაგრამ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას, მით უმეტეს, ნიკა მელიას მეთაურობით, ადგილი არ ჰქონია, ეს არის ფაქტი. მაშინაც და ახლაც, როგრც ჩანს, პროკურატურა პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს ამ ყველაფერს. მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური ნიშნით დაატარებენ პროკურატურაში. რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა უნდ იყოს თანასწორი, თუ დააშავებ, პარტიის თავმჯდომარეობა არ უნდა იყოს რაიმეს გარანტი, მაგრამ ნიკა მელიას თავს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური საქმე და პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.