"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად შეკერილია, ამიტომ იზიარებს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას გირაოს არ შეტანასთან დაკავშირებით. ბოკუჩავამ "დღის კურიერში" აღნიშნა, რომ ივანიშვილი რეჟიმთან დაუმორჩილებელ პერსონებს ებრძვის.
"ვეთანხმები ნიკა მელიას პოზიციას, იმიტომ რომ ეს არის ყალბი ბრალდება, ყალბი პროკურატურა და სასამართლო, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და კიდევ ხარკი გადაუხადო ივანიშვილს ამ სიყალბეში სრულიად წარმოუდგენელია. როდესაც მთელი სისტემა არის ფარსად ქცეული, როდესაც თვალნათელია ის, რომ ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე, ამ თვალსაზრისით არ აღვიქვამ კანონის უპატივცემულობას და დაუმრჩილებლობას. შეუპოვრობა არის მთავარი ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია ივანიშვილის წინააღმდეგ.
მთავარი სამარკო ნიშანი, ვისაც დევნის ივანიშვილი არის შეუპოვრობა. ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი. ძალიან განსხვავდებიან თავიანთი პოლიტიკური წარსულით და პერსონალიით, მაგრამ მათ აერთიანებთ ის რომ არიან შეურიგელნი რეჟიმთან, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს, ამიტომ ვეთანხმები ნიკას, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის და იქნება შეურიგებელი რეჟიმთან,"-განაცხადა "დღის კურიერში" თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს გადახდას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების შეცვლით ემუქრება.
თავის მხრივ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 40 000 ლარის გირაოს გადახდას არ აპირებს.