17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც არის ჩვენს ხელში, სათანადოდ არის ამუშავებული, რათა ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს - ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის და სხვა საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ამოქმედებულია ყველა რესურსი, საკითხის მოსაგვარებლად ასევე ჩართულია საერთაშორისო პარტნიორობაც.

"დეტალურ ნაბიჯებზე, თუ რა ნაბიჯები იდგმება და გადაიდგმება მომავალში, ამაზე წინასწარ საუბარი მთლად არ იქნებოდა რელევანტური, თუმცა ერთი რაც ცალსახად შეიძლება ითქვას არის ის, რომ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც არის ჩვენს ხელში, სათანადოდ არის ამუშავებული და მომავალშიც გაგრძელდება ამ კუთხით მუშაობა, რათა ყველა ჩვენი მოქალაქე, პირველ რიგში კი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, ის აქტიურობა რაც მიდის მათი მხრიდან და ის მუშაობა, რასაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ.

რაც შეეხება ჟენევის თანათავმჯდომარეებს და არა მარტო მათ, არამედ ყველა ჩვენს სხვა პარტნიორს, ეს არა მარტო ახლა, როდესაც ე.წ. სასამართლო გაიმართა, არამედ თვითონ ფაქტის მოხდენიდან პირველივე დღიდანვე, მათთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნული აგრესიული ქმედებები რუსეთისგან არის ის, რითაც ის ცდილობს გადაფაროს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის აქტუალურობა საერთაშორისო დღის წესრიგში.

"საგარეო პოლიტიკური გზავნილი, რითაც რუსეთი ცდილობს მანიპულირებას, არის სწორედ ჩვენს პარტნიორებთან, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს რუსეთზე ზეწოლა ის მაინც გააგრძელებს თავის დესტრუქციულ ნაბიჯებს და იგივე გზავნილია შიდა საზოგადოებისთვისაც.

როდესაც ჩვენ გვაქვს ის ქმედებები საერთაშორისო დონეზე და მოგეხსენებათ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი არის საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გამოჩნდა კიდეც, როდესაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე რუსეთში ვიზიტისას საუბრობდა საქართველოს საკითხზე, როდესაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ლავროვთან საუბარისას საუბრობდა საქართველოს საკითხზე; სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად არის გასმული რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე და საუბარია რუსეთის ეფექტურ კონტროლზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველა ამის გადაფარვას რუსეთი სწორედ აგრესიით ცდილობს, კიდევ უფრო აგრესიული ქმედებებით ცდილობს," - აცხადებს ლაშა დარსალია.

დღის ამბები