პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ნიკა მელია საქართველოს კანონმდებლობას არ ემორჩილება. ამ განცხადებით ის პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარების თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ახლა დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
"მთავარი არის ის, რომ ნიკა მელია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არ ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას. ეს არის ყველაზე სამწუხარო. მას ახლა იცავს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი, თუმცა დეპუტატის იმუნიტეტს ამოფარებული არ უნდა იყოს არც ერთი მოქალაქე და ყველა თანაბარია კანონის წინაშე. შესაბამისად, ყველა ადამიანმა, მით უმეტეს, თუ მას პოლიტიკური ამბიცია აქვს და უნდა, რომ ქვეყნის მმართველობაში მოვიდეს, პირველ რიგში მას უნდა ჰქონდეს ეს გათავისებული, რომ კანონმომრჩილება არის მთავარი ფასეულობა,“ - განაცხადა ნიკა სამხარაძემ.
კითხვაზე - შესაძლოა თუ არა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას კენჭი ეყაროს, ნიკა სამხარაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები.
"მე არ ვიცი, როგორ წარიმართება პროცესები, ეს იმაზეა დამოკიდებული, შეიძლება გადაიხადოს მან გირაო. თუკი არ გადაიხდის, ამას შემდეგ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, თუმცა დავიცადოთ, ასეთი განცხადება ბევრი გვინახავს და მოგვისმენია, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მაინც კანონის ჩარჩოში გადაწყვეტილა,“ - აცხადებს ნიკა სამხარაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნიკა მელიას ქმედება, როდესაც მან სამაჯური მოიხსნა, კანონის და სახელმწიფოს უპატივცემულობაა.
"თითოეულ ნაბიჯს ისინი აფასებენ პოლიტიკურ დევნად, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ კარგად ნახა, როგორ მოიქცა ნიკა მელია, როგორ მოიხსნა სამაჯური და ხალხში მოისროლა, შესაბამისად, ეს არის კანონის უპატივცემულობა და არა მარტო კანონის უპატივცემულობა. როცა კანონს არ სცემ პატივს, საკუთარ სახელმწიფოს არ სცემ პატივს. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელია და მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც კარგად არის ცნობილი, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი და რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სახელმწიფოს უპატივცემულობა,“ - განაცხადა ნიკა სამხარაძემ.