"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, "ქართულ ოცნებას" არავის დაპატიმრების თავი არ აქვს. ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ქართულ ოცნებას" არავის დაპატიმრების თავი არ აქვს. იმიტომ კი არა, რომ ისინი გამბედავები არ არიან, იმიტომ რომ მშვენივრად იციან, რომ ეს მართლა პოლიტიკური დევნა არის, ეშინიათ მათ. იმ ფონზე, როდესაც მათ ჩემი საარჩევნო შტაბი გადაწვეს, ვისაც უბნები დაურბიეს, ახლა დაიჭირონ ის, ეს ქვეყანა მართლა ჩალით კი არ არის დახურული,"- განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით. დღეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს. მას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით, ერთკვირიანი ვადა მიეცემა.