17 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
კომპანია "ბაზელის" მფლობელი ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზებზე და მართლმსაჯულების პრობლემებზე საუბრობს

კომპანია "ბაზელის" უცხოელი მფლობელი ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზებსა და მართლმსაჯულების პრობლემებზე საუბრობს.

შვეიცარიელი ბიზნესმენი რონ ოლდმენი ამბობს, რომ მისი უფლებები 2015 წლიდან ირღვევა, როდესაც კომპანიის ქონება კერძო პირმა გამოძალვის მიზნით დააყადაღა.

დავა სასამართლომ წლების შემდეგ კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა, თუმცა "ბაზელი" წლებია მილიონობით ლარის ზარალის ანაზღაურებას უშედეგოდ ცდილობს.

ოლდმენი ითხოვს სასამართლომ იპოვოს ნორმა, რომლითაც ზიანს აუნაზღაურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტორი არ გამორიცხავს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობა შეწყვიტოს.

შპს "ბაზელის"  ხელმძღვანელი რონ ოლდმენი აცხადებს, რომ კომპანია პრობლემის გამო საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

"პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ვერ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას. ძირითადი მიზეზი, რის გამოც უცხოელები არ ენდობიან სასამართლოს კანონმდებლობას, არის ის, რომ მათ შეუძლიათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააყადაღონ კომპანიის ქონება. რაც წარმოადგენს ძირითად პრობლემას უცხოელებისთვის. ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტი, რათა უზრუნველვყოთ საპირისპირო ნორმის მოძიება.

"ბაზელს" აქვს 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელებული, დასაქმებულია ასობით თანამშრომელი და სამწუხაროა, რომ ქართული სასამართლოს ძირითადი მიზანი უცხოელი ინვესტორების ქონების დაყადაღებაა, რაც საფრთხეს უქმნის კომპანიებს განახორციელონ საინვესტიციო საქმიანობა,"- აღნიშნა რონ ოლდმენმა.

ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ სასამართლომ უნდა იპოვოს ნორმა, რაც ზიანს აანაზღაურებს.

დღის ამბები