საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტებზე საუბრისას უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით ზრდის ზეწოლას რუსეთის ფედერაციაზე.
"რადიკალურ ოპოზიციას დღეს აქვს ყველაზე ნაკლები უფლება ოკუპაციაზე ისაუბროს იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონების ოკუპაცია არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას ერგო მათი ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად.
ცენტრალური ხელისუფლება საქართველოსი აკეთებს ყველაფერს, ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ვზრდით ზეწოლას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით რუსეთის ფედერაციაზე. რა თქმა უნდა, ის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ასევე არის დიდი ძალისხმევის შედეგი საქართველოს ხელისუფლების," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეგახსენებთ, დღეს ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 21 წლის ერიკ დრულევი დააკავეს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში კიდევ 4 უკანონო პატიმარი რჩება. მათ შორის არიან გენადი ბესტაევი, რომელსაც 2 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული; ლაშა ხეთერელი, მას 1 წელი მიუსაჯეს და ზაზა გახელაძე, რომელსაც 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. ასევე რამაზ ბეღელური, რომელსაც ე.წ. სასამართლომ გვიან ღამით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.