17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე არ ეხმარება ორმხრივ ურთიერთობებს - კიევი ელჩის საშუალებით საქართველოს ექსპრეზიდენტის მოწოდებას ემიჯნება

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას არ ეხმარება, ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

ელჩის შეფასებით, დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მოწოდება არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. იგორ დოლგოვი იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვერ დააზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირების განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის,"- განაცხადა  იგორ დოლგოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის ელჩის განცხადება გამოხმაურება იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ 8 თებრვალს დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი დაუმორჩილებლობის აქციების გაგრძელებასა და გაძლიერებაზე საუბრობდა.

"გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში.

იმიტომ, რომ თუ ჩვენ მომავალშიც შევიქმნით ილუზიას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და ამ კანონებს და სახელმწიფოს უნდა დავემორჩილოთ ჩვენ, თავსაც ვიტყუებთ და პრაქტიკულად ხელს ვუწყობთ ივანიშვილს ჩვენი სახელმწიფოს ბოლომდე დასამარებაში.

ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ამ "სახელმწიფოს" მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, რა თქმა უნდა ცივილიზებულობის ფარგლებში ისე, რომ არავის სხვა მოქალაქეებს არ შევუქმნათ პრობლემები, არის ჩვენი არამხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობა თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის - გვინდა მომავალი? ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან. ჩვენ არ შეგვეშინდება არც მათი რეპრესიების, მათ შორის არც მათი დაჭერების, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულ უფრო ბევრი და ყველას ნამდვილად ვერ დაიჭერენ და ყველას ვერ დაარეპრესიებენ - ჩვენ ასე გადავტეხავთ ხერხემალში მათ სისტემას, რომელიც ეფუძნება სრულ უკანონობას და ნამდვილ ყაჩაღობას!

როდესაც მოსამართლის მანტიაში არის გახვეული ყაჩაღი და როდესაც პროკურატურა დაპყრობილი აქვს ბოტასების ქურდს და ინსტრუქციას იღებს 90-იანი წლების იმერეთის მაფიის მთავარი მოლარისგან (ივანიშვილისგან),

ჩვენი შეცდომა იქნება ამათ ცხვარივით თავი დავუღუნოთ და ვაღიაროთ მათი სამართალი. სამართალი საქართველოში იქნება ნამდვილი, როდესაც ესენი აღარ იქნებიან მოსამართლის კაბინეტებში და როდესაც

ინსტრუქციას აღარ მიიღებენ ოლიგარქის სხვადასხვა ბუნკერიდან," - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკზე".

მიხეილ სააკაშვილი დღეს გამოეხმაურა ელჩის განცხადებას და განაცხადა, რომ იგორ დოლგოვი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ დანიშნული იყო მის წინააღმდეგ საბრძოლველად და ელჩი თავისი ქმედებებით აზიანებს უკრაინის იმიჯს, როგორც საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

თემას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ ყველა ოპოზიციონერი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გამოთქვან პროტესტი იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოშია. ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები სახლში გამოკეტილები და არჩევანწართმეულები არიან.

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა კი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს რომ თავისი ჩინოვნიკი გააკონტროლოს:

"მე მინდა ბატონ ზელენსკის მივმართო რომ იქნებ ლაგამი ამოსდოს თავის ჩინოვნიკს, იმიტომ რომ არაადეკვატური გახდა," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, ვინც ინსტიტუციების ჩამოშლის მოწოდებით გამოდის პროვოკატორია და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი.

დღის ამბები