17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მატულობს - რა გეგმა აქვს საოკუპაციო რეჟიმს

ოკუპანტების ყველაზე ახალგაზრდა ტყვე 21 წლისაა. არცევის მკვიდრის, ერიკ დრულევის დაკავების შესახებ ინფორმაცია, სუს-მა გვიან ღამით დაადასტურა. ის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აიყვანეს. ახალგაზრდა ოკუპირებულ, მშობლიურ სოფელს ხშირად სტუმრობდა. რამდენჯერმე მოინახულა ბაბუაც, რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ მარშრუტის გავლას გეგმავდა დაკავებამდეც.

21 წლის ახალგაზრდის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის გეგმა, ჯერჯერობით, უცნობია. მაგრამ უკვე ცნობილია რამაზ ბეღელურის მიმართ გამოტანილი ე.წ. "განაჩენი". დე ფაქტო ხელისუფლებამ 36 წლის მამაკაცს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გუგუტიანთკარის სიახლოვეს დააკავეს.

უკვე ოთხი თვეა ოჯახს ეპისტოლარულ ჟანრში, წითელი ჯვრის მეშვეობით ეკონტაქტება ირაკლი ბებუა - 27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც საქართველოს ოკუპაცია და ხელოვნური ბარიერების აღმართვა ე.წ. "აფხაზური დროშის" დაწვით გააპროტესტა და ამისთვის 9 წლიანი ტყვეობა დაიმსახურა.

უკანონო პატიმრის გათავისუფლებას საოკუპაციო რეჟიმი არ აპირებს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

"სასჯელი უკანონოა - პასუხისმგებლობა კი რუსეთს ეკისრება" - ზაზა გახელაძის მხარდამჭერ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ავრცელებენ.

ხელისუფლებას პასიურობაში სდებს ბრალს ოპოზიცია. ბრალდებებს ბრალდებით პასუხობს უმრავლესობა. ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში უსაფუძვლოს უწოდებენ. არგუმენტად კი ხელისუფლების წარმატებული დიპლომატია მოჰყავთ.

დღის ამბები