იჩენს თუ არა პროკურატურა ისეთივე აქტიურობას და პრინციპულობას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის დაწვის საქმის გამოძიებაში, როგორც ნიკა მელიას მიერ გირაოს პირობების დარღვევის საკითხზე. ამ თემაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა პარლამენტის თავმჯდომარეს "ღამის კურიერის" ეთერში მოუწია.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესებში შედიოდა საარჩევნო კამპანიის დროს, მთავარი ოპონენტის, ერთ-ერთი რიგითი შტაბის დაწვა:
"გამოვლენილია დამნაშავე და არ ისჯება? ჩემთვის ცნობილია ერთი რამე, როდესაც მოხდა, მაშინვე გამიჩნდა ის კითხვები, რეალურად, იმ დროს, როდესაც გახურებული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ვის აწყობდა შტაბის დაწვა? რაღაც მეორეხარისხოვანი, ერთოთახიანი შტაბისა? არის საქმეები, რომელთა გახსნაც არის რთული, რადგან, ჯერჯერობით, არ არის გახსნილი, სავარაუდოდ, საკმარისი მტკიცებულებები ვერ შეგროვდა. ხანძრის შემდეგ მტკიცებულებების აღება შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ რთულია. მითუმეტეს, თუ ეს იყო დაგეგმილი და ეს იყო პროვოკაცია, მე არ ვამბობ ვისი მხრიდან, ხომ ხვდებით, ძალიან კორექტულად ვიქცევი. "ქართული ოცნება" არის საარჩევნო კამპანიაში, მისი მთავარი ოპონენტი მაგ დროს არის ნიკა მელია და ნიკა მელიას მეათეხარისხოვანი შტაბი-ოთახის დაწვა "ქართული ოცნების" ინტერესებში შედიოდა? ის ამტკიცებს რომ ჩვენ დავუწვით ის შტაბი? ეგეთი სისულელეს არცერთი პარტია არ გააკეთებდა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.