17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" უარი პარლამენტს - პარტია დროებითი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

"ევროპული საქართველოს უარი პარლამენტს - პარტია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში რჩება, უარს ამბობს დროებითი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზეც. გუნდის გადაწყვეტილებით, სამუშაო პროცესში არ ჩაერთვებიან არც დამკვირვებლები, რომლებიც 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ უბნებზე ქვეყნის მასშტაბით.

"ევროპული საქართველოში“ ამბობენ, რომ კომისიის ლეგიტიმაციას არ სცნობენ და აღნიშნავენ მის საქმიანობაში არ ჩაერთვებიან. 

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ვახტანგ კალოიანი საგამოძიებო კომისიის მუშაობის აზრს ვერ ხედავს. 

"საგამოძიებო კომისია ცალკე იმ მოცემულობაში, რომელიც დღეს გვაქვს არის რეალურად გარკვეული გაპატიოსნების მცდელობა იმ პარლამენტისა, რომელიც დღეს გვაქვს. შესაბამისად, ცალკე მას არანაირი განსაკუთრებული შინაარსი არ აქვს. ჩვენ თავის დროზე წარვადგინეთ გაერთიანებულმა ოპოზიციამ უამრავი საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომლის განხილვის საშუალება არ მოგვეცა, ასევე წარდგენილი იქნა საჩივრები სასამართლოში, ანუ ფაქტები არსებობს, უბრალოდ ამის რეალიზების გზა უნდა იყოს რეალური, რომ ჩვენ შევძლოთ დამტკიცება იმ სიმართლის, რაც არის,“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თუკი პარტიები უარს ამბობენ მტკიცებულებების წარდგენაზე, მათ მაგიერ "მოქალაქეები" ამას ვერ გააკეთებენ. 

"მე მოთხოვნა არ მქონია კონკრეტული პარტიების, მე მოთხოვნა მაქვს ერთი და დღესაც რჩება ეს მოთხოვნა, რომ ვისაც აქვს რაიმე მტკიცებულება, წარმოადგინონ კომისიაზე და მე მათთან ერთად ამ მტკიცებულებებით ხელში ვიბრძოლებ დავამტკიცო ეს გაყალბება, მაგრამ თუ უარს აცხადებენ ასეთი რამის წარმოდგენაზე, მე მათ მაგივრად ამას ვერ გავაკეთებ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები