მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაბარებასთან დაკავშირებით უარი სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. შესაბამისად, ისინი ოპონენტებს მოუწოდებენ, ჩაერთონ საქმიანობაში.
"ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ოპოზიციის წევრების უარი საგამოძიებო კომისიაში მუშაობასთან დაკავშირებით, განპირობებულია შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობს გამო.
"თუ კი აქვთ ეს ფაქტები, როგორც ისინი აქამდე საუბრობდნენ, უნდა წარადგინონ და თვითონვე უთხრან საზოგადოებას და აჩვენონ, თუ როგორც გაყალბდა არჩევნები, რასაც ისინი ამბობენ. თუკი ახლა ამბობენ, რომ მათ არ სურთ მუშაობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ ჰქონიათ ფაქტები.
საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა არის სავალდებულო და თვითონაც ძალიან კარგად იციან, როდესაც იყვნენ ჩართული საგამოძიებო კომისიაში, რომ არავის არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვათ საგამოძიებო კომისიაში მოსვლაზე. ვინაიდან, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს“ მიზანი დესტრუქციული ქმედებებია.
"ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ "ევროპულ საქართველოს" საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი გააჩნია ზოგადად, მთელ ამ პროცესში. მათ დასაკარგი, რეალურად, არაფერი არ აქვთ, როგორც დაინახა საზოგადოებამ, მათი რეიტინგი არის ძალიან დაბალი საზოგადოებაში და იმის ნაცვლად, რომ რაიმე სახის პოზიტიური კვალი დატოვონ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესზე. ამ პარტიას, იმის გამო, რომ არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, სურს, აბსოლუტურად ჩაშალოს ყველაფერი სადაც კი მას ხელი მიუწვდება,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.