"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქესა და მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირს, აქვს იმის კომპეტენცია, რომ უკრაინის ელჩთან მიმართებაში გარკვეული შეფასებები გააკეთოს.
ამასთან, გიორგი ბარამიძის შეფასებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მისამართით არ გაკეთებულა.
"მიხეილ სააკაშვილი ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობს, როგორც უკრაინის მოქალაქე და როგორც უკრაინაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე, მთავარი რეფორმატორი უკრაინის, ვინ რითი სუნთქავს და ვინ რითია დაკავებული, ვინ რა ინტერესებს გამოხატავს. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის კომპეტენცია ბევრად მეტი აქვს იმასთან დაკავშირებით, ვის რა უწოდოს და ვისთან მიმართებაში რა შეფასება გააკეთოს. ძალიან ცოტას თუ შეუძლია მას შეეკამათოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ ნდომებოდა მიხეილ სააკაშვილზე მითითება, დაწერდნენ ალბათ. ამიტომ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილს ვერ ვიგულისხმებ,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი გააკრიტიკა და ღრმად კორუმპირებული უწოდა.
ამის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აფრთხილებს უკრაინის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდებებისგან.