ოპოზიცია ევროკავშირისა და ევროკომისიის მოწოდებების ადრესატი გახდა. ევროპა პარტიებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობისა და მმართველ გუნდთან საერთო ენის გამონახვისკენ კვლავ მოუწოდებს.
დღეს გამოქვეყნდა წლიური ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.
20-გვერდიანი დოკუმენტში, პოლიტიკური პროცესების გარდა, აღწერილია რეფორმები და მისი შედეგები.
დასავლეთისთვის პროგრესი სახეზეა, თუმცა, საარჩევნო თემატიკის გარდა, საქართველოში ევროპა მთავარ გამოწვევად ისევ მართლმსაჯულებას ხედავს.
ოპოზიცია და "ქართული ოცნება" დოკუმენტს, ტრადიციულად, სხვადასხვაგვარად კითხულობენ. ოპოზიციისთვის ევროკავშირის ანაგარიშში 2020 წლის არჩევნები შეფასებულია, როგორც დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი. მმართველი გუნდის ოპონენტებმა დოკუმენტში საქართველოს ევროპული მისწრაფების შეფერხების რისკიც ამოიკითხეს.
იქ, სადაც ოპოზიციამ კითხვის ნიშნები ამოიკითხა, მმართველი გუნდისთვის ძახილის ნიშნებით წერია, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. უმრავლესობისთვის ანგარიში იმის აღიარებაა, რომ საქართველო არჩეული ევროპული მიზნისკენ ურყევად მიდის.