პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის ვალდებულებაა, მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში.
მმართველ პარტიაში, ჯერჯერობით, ღიად არ უთქვამთ, რომ ისინი ნულოვან ბარიერს თანხმდებიან. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 3-დან 0%-მდე დაწიონ და ამ თემაზე დისკუსია დაიწყოს.
"ზოგადი მიდგომაა ჩვენი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს მანდატი, უნდა მონაწილეობდეს მთლიანად საპარლამენტო საქმიანობაში და ასე გამოყოფილად - რომელიმე ინიციატივასთან დაკავშირებით მონაწილეობას მიიღებს და ზოგიერთთან მიმართებაში არ მიიღებს, არ მგონია, თანმიმდევრული ლოგიკა იყოს.
მათი მოვალეობაა, რომ მონაწილეობდნენ საპარლამენტო საქმიანობაში,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში ერთჯერადად, ერთი კენჭისყრისთვის - ეს საკითხი ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძისთვის გაუგებარია კოლეგების მხრიდან მისი კრიტიკა. ის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ "ქართული ოცნება" ნულოვან ბარიერს დათანხმდება, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ოპოზიციამ მხოლოდ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.