ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ხვალ ეწურება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს და ვერ დააკავებენ.
ასევე, მელია და მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებენ, რომ თუ ანგარიშზე თანხა მაინც მოხვდება, ამას ხელისუფლება გააკეთებს.
"შავი თეთრზე მეტად ნათელია, რომ შეუძლებელია გირაოს გადახდა კონკრეტული რეკვიზიტების გარეშე, რომელსაც პროკურატურა გასცემს ადვოკატზე, ან კერძოდ იმ პირზე. ის მესიჯბოქსი, რომ ნებისმიერ შეუძლია გადახდა და თითქოს, ნიკა მელია და მისი ადვოკატი მაქინაციებს აპირებენ, თითქოს მესამე პირმა გადაიხადოს და მერე იტყვიან, რომ ეს ჩვენ არ გადაგვიხდიაო, არის აბსურდი. თუ ეს მოხდება, არ დარჩება გაურკვეველი, პირის გვარი, სახელი, ფიქსირდება ბანკში და ჩვენ ამას ჩავყვებით ბოლომდე, მერე კი ნათელი იქნება, რომ თავად ხელისუფლებამ მოიგონა ეს ყველაფერი,"-აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.
საპროკურორო საბჭოს წევრი, "ინიციატივა სამართლებრივი ცნობიერებისთვის" რეზო მიქაბერიძე აცხადებს, რომ გირაოს გადახდა მესამე პირსაც შეუძლია.
"გირაოს გადახდა კანონის თანახმად შეუძლია, არა მხოლოდ ბრალდებულს და მის ადვოკატს, არამედ ბრალდებულის სასარგებლოდ ნებისმიერ პირს. აღნიშნული არ არის პირდაპირ კანონში რეგულირებული და მე პრაქტიკაში მქონია, რომ გირაო გადაუხდია ოჯახის წევრს, ან ბრალდებულის მეგობარს,"-აღნიშნა რეზო მიქაბერიძე.