"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, "რესპუბლიკელების" მიერ გაცხადებული პირობა, რომელიც პარლამენტში კანონის კენჭისყრაში მონაწილეობისთვის შესვლას გულისხმობს, არ არის პარლამენტში სრულფასოვანი შესვლის ტოლფასი, თუმცა მაინც დიდი საფრთხის მატარებელია, იმ თვალსაზრისით, რომ "ქართულ ოცნებას" დემოკრატიის ფასადს უქმნის. - ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"პარლამენტში შესვლა პოლიტიკური შეთანხმების გარეშე "ქართულ ოცნებაში" შესვლის ტოლფასია, თუმცა თუ რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ სამჯერადად აპირებენ შესვლას, ალბათ ამას ერთ სიბრტყეში ვერ განვიხილავთ, თუმცა მე ვთვლი, რომ ესეც დიდი საფრთხის მატარებელი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილს შეუქმნის იმ დემოკრატიულ ფასადს, რომლის მოპოვებისთვის ასე ხელაღებით იბრძვის,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
წამყვანის კითხვაზე, რა ღონისძიებებს მიმართავს საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"", თუ ბლოკის წევრი "რესპუბლიკელები" საკანონმდებლო ორგანოში შევლენ, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პოსტსაარჩევნოდ ბლოკი პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ, მისთვის უცნობია შესაბამისი იურიდიული მექანიზმები:
"ბლოკიდან გარიცხვას გულისხმობთ? მე არ ვიცი იურიდიულად რა მექანიზმი არსებობს, რომც დადგეს ამის მოცემულობა, როგორც წესია, ბლოკი იქმნება წინასააჩევნო მიზნებისთვის, პოსტსაარჩევნო ბლოკი პრაქტიკულად არ არსებობს, ეს არის კოალიციური მთავრობა., რომელიც წესით უნდა შემდგარიყო,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.