საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, გარი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი უკვე წარადგინეს.
აშშ საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით.
აქტში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია. კონგრესმენები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკვლელობებსა და უკანონო დაკავებებს. პირველად გაჩნდა კონგრესის მხარდამჭერ აქტში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მყოფთა მიმართ შესაძლო სანქციების საკითხიც.
კონგრესისთვის წარდგენილი დოკუმენტი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ შტატების ახალი ადმინისტრაციის და კონგრესის განახლებული შემადგენლობის პირობებშიც საქართველო ისევ ინარჩუნებს შტატების მხრიდან ორპარტიულ მხარდაჭერას.
დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობენ, ოპოზიციაშიც. პოლიტიკურ ძალებში არ დაობენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა განსაკუთრებულია. ამბობენ, რომ მხარდამჭერი აქტი საქართველოს ბევრ შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი პოლიტიკური ნება ეს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს.
დღის ბოლოს კონგრესში წარდგენილ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიამ ტვიტერზე დაწერა, რომ ის მადლობას უხდის საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის.
საქართველოს მხარდამჭერ აქტზე ახლა კონგრესის ორივე პალატამ უნდა იმსჯელოს, ამის შემდეგ კი ის ძალაში შევა.