"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოუწიოს. მისივე განცხადებით, ეს ცხელ საკითხებზეა დამოკიდებული, რომლებმაც შესაძლოა, მომავალში, ქვეყანაში არსებული გარემოება შეცვალოს.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბოიკოტს მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო შეწყვეტს და არის რიგგარეშე არჩევნები და ძალიან კარგი კომპრომისული ალტერნატივა, რომელიც პლებისციტში მდგომარეობს.
"ერთს ვიტყვი, რომ მანამდე ძალიან ბევრი ცხელი საკითხი დადგება, რომელმაც შეიძლება საერთოდ შეცვალოს გარემოება და მოუწიოს "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ვნახოთ, დაველოდოთ.
ყოველ წელიწადს საქართველოში არის ხოლმე მძლავრი კრიზისები ხო?! ეს შეიძლება იყოს როგორც საერთაშორისო საზოგადოების პოზიციიდან გამოწვეული, ასევე ხალხის განწყობიდან გამომდინარე.
მოდით გულწრფელად ვთქვათ, რესტარტი არ სჭირდება ამ ქვეყანას?
უამრავი თემა არის, არის პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური და სოციალური კრიზისია, რეგიონალური საკითხებია და კრიზისია, ევროკავშირის, რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა. ათასი საკითხია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეს თემა და არის ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენ არც ვიცით წინასწარ. სამწუხაროდ საქართველოში ასეთი სპონტანური თემები ხდება იმიტომ, რომ არასტაბილური გარემო გვაქვს ქვეყნის შიგნით და მოძველდა, ჩალპა ის, რაც ხდება.
დღეს ხელისუფლებას აბსოლუტურად გაწყვეტილი აქვს ხალხთან კომუნიკაცია. ისინი თვითონ აპროვოცირებენ მუდმივად დიალოგის შენარჩუნებას შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით," - განაცხადა "ღამის კურიერის" ეთერში გიორგი ვაშაძემ.