პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დატოვა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი, სადაც ოპოზიციური პარტიები არიან შეკრებილი.
"გვითხრეს, მიშას თამაში უნდა ითამაშოთო, რაც არ გვინდა. ნიკა მელია პოლიტპატიმრად ყველაზე მეტად აწყობს მიშა სააკაშვილს. მას არ აწყობს პროპორციული ბარიერი და იმაზე სერიოზული საუბარი, მართლაც გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია, რომ ნიკა მელია გაწიროს და ის იყოს ციხეში. არ ვიცი ეს შესაძლოა ნიკა მელიას გეგმის კურსიც იყოს.
შეხვედრაზე ვახო მეგრელიშვილმა დასვა სამი შეკითხვა და რადგან არც ერთზე პასუხი არ გაგვცეს, ჩვეულებრივად, დავტოვე შეხვედრა.
პირველი შეკითხვა იყო: თუ გაქვთ მტკიცებულებები გაყალბებაზე, რომელზეც ფასილიტატორები ამბობენ, რომ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ და ჩვენ დავამტკიცებთ ამას. 2. გვეთანხმებით თუ არა პროპორციულ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერით, რადგან, ეს არის ჩვენთვის გზა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნულად ვერ ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება და მესამე საკითხი იყო, რას ვშვებით იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელიას დააკავებენ. დესტრუქციული იყო "ნაციონალური მოძრაობა და "ევროპული საქართველო". სხვა პატარა პარტიებიც ბანივით ამას ყვებოდნენ. ეს დამთავრდა იმით, რომ ბოლოს კახა კუკავამ თქვა, რას მერჩით კაცო, მათამაშეთ, მიშას თამაში მინდაო,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, დატოვა თუ არა ოპოზიციური ფორმატი "გირჩმა", იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ "ასე გამოდის".