17 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
არანაირი ბლოკი ვაშაძესთან ერთად - გიგა ბოკერია გიორგი ვაშაძეს პასუხობს

გიგა ბოკერია ამბობს, რომ "ევროპული საქართველო“ "სტრატეგია აღმაშენებელთან" ბლოკის შექმნას არ განიხილავს. ამ განცხადებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძეს უპასუხა, რომლმაც თქვა, რომ "ევროპულ საქართველოსთან" ახალ თანამშრლობაზე ვერ მოხდება საუბარი, თუ მის ლიდერად გიგა ბოკერია დარჩება. 

"ამ ეტაპზე მეც და სხვებიც, ვინც ვაგრძელებთ ამ პარტიაში აქტიურ მოქმედებას, არც განვიხილავთ ბატონ ვაშაძესთან, ამ მომენტში, არანაირ ბლოკს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ არანაირ სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს. 

"ვარ და ვრჩები "ევროპულ საქართველოში" და იმედი მაქვს, რომ გიგაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც პარტიას განახლების შესაძლებლობას მისცემს. არანაირ სხვა პარტიაში მე გაწევრიანებას არ ვაპირებ და არანაირი თანამდებობრივი ამბიცია მე არ გამაჩნია პოსტბიძინურ ეპოქაში. შესაბამისად, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა გულუხვი წინადადებებისთვის, მაგრამ  მე ამ საკითხებს არ ვიხილავ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ რაიმე ფორმით ნაციონალური მოძრაობაში მიბრუნებას გამორიცხავს.

"რაიმე ფორმით "ნაციონალურ მოძრაობაში" მიბრუნებას გამოვრიცხავ, ეს თემა საერთოდ არ დგას და არ განიხილება და დახურულია. მე ვთქვი, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, რაც შეეხება იმას, თუ კონფიგურაციაში იგულისხმება ზოგადი ოპოზიცია, მე არავის თანხმობა არ მჭირდება, მე უკვე ვარ ოპოზიციური ბრძოლის ნაწილი, უკვე ვარ ოპოზიციური ფორმატის ნაწილი, ხედავთ, რომ დღესაც ამ შეკრებაში ვიღებ მონაწილეობას და მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, საერთო ოპოზიციურ ფრონტზე მე შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები