"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი იაგო ხვიჩიას პასუხობს და აცხადებს, რომ "გირჩმა" იმიტომ დატოვა ეს შეხვედრა, რომ თავისი ადგილი ვერ იპოვა ოპოზიციურ ერთობაში.
"გირჩმა იმიტომ კი არ დატოვა შეხვედრა, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, არამედ ვერ დაინახა საკუთარი თავი იმ ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც იქ არის. წარმოიდგინეთ, რამდენიმე ოპოზიციური პარტია იმყოფება ერთ მაგიდასთან, სრულიად განსხვავებული ოპოზიციური პარტიები და ყველა პარტია მიშას თამაშს თამაშობს და ეს მხოლოდ და მხოლოდ გაშიფრა იაგომ და ვახტანგმა და სხვა ვერავინ ვერაფერს ხვდება თურმე. აბსურდია, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ზოგადად, რა კითხვებიც ჰქონდათ "გირჩის" წარმომადგენლებს ჩვენ მიმართ, ანალოგიური კითხვები აქვთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსაც. რა მამუკა მდინარაძე მდგარა იქ და რა სხვა ვიღაც. იგივეს გვკითხავდა ისიც. არ ჩავთვალეთ კითხვებზე პასუხი საჭიროდ იმიტომ, რომ სხვა საკითხზე ვიყავით შეკრებილები და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვქონდა განსახილველი,"- განაცხადა "დღის კურიერში" ზაალ უდუმაშვილმა.