პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ის და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში აუცილებლად წითელ ღილაკს დააჭერენ ხელს და შეეწინააღმდეგებიან მმართველ გუნდს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
ლევან იოსელიანმა ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ხვალ აუცილებლად წითელ ღილაკს მივაჭერ ხელს პარლამენტში, რაც იქნება წინააღმდეგობის გაწევა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე. ჩვენ ვთვლით, რომ ამის გამართლება პოლიტიკურად, აბსოლუტურად გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება თვითონ უმრავლესობის მიერ გაცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მათ ერთი კვირის წინ უარი უთხრეს ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე. მეც და ალეკოც ვერ ვიქნებით ნიკას დაპატიმრების მომხრე, მიუხედავად ჩვენი, მისი პარტიისადმი ძალიან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა. მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" ეს პროცესი ჩიხში შეყავს და "ნაციონალური მოძრაობა" კი ამ პროცესის ესკალციას ცდილობს, არ ქმნის იმ გარემოს, რომ საბოლოოდ შეიძლება მოლაპარაკების პროცესი ბოლომდე მივიდეს.
ჩვენ შევეცდებით "ქართული ოცნება" გადავარწმუნოთ და ჩვენი პოზიციის სისწორე დავანახოთ მათ და ის, თუ რა არის ამ ქვეყანაში პარლამენტის ფუნქცია და რომ ის არ უნდა იყოს პროკურატურის გაგრძელება."