საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციას არ აქვს არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს შესაბამისი გადაწყვეტილება.
"თქვენ მიერ გახსენებული ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ნიკა მელია იძახის სახელმწიფოებრიობას ვიცავდი პარლამენტში რომ შევრბოდიო. შესაბამისად, ეს არის სპეკულაცია, რომელიც გათვლილია ისეთ საზოგადოებაზე, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს, ანუ საზოგადოებაზე, რომელიც ანალიზს ვერ აკეთებს. ეს ხალხი თვლის თავის მესიჯებს იმ ხალხზე, როგორიც საქართველოში არ ცხოვრობს. გასაგებია, რომ ნაწილს თავისი არჩევანის შესაბამისად აქვს სუბიექტური დამოკიდებულება, მაგრამ თუკი ვინმე ოდნავ ობიექტურად ამ პროცესს დააკვირდება, ვერც ერთ არგუმენტს, გარდა ზოგადი პოლიტიკური და სპეკულაციური არგუმენტისა, ვერ დადებს, თუ რატომ არ უნდა დაეჭირა მხარი პარლამენტს მაშინ, როდესაც ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ მე გავდივარ კანონის ჩარჩოებიდან, უარს აცხადებს გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელზეც შეიძლება ვინმემ იდავოს, არის ის, თუ რატომ არ მოხდა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმება მაშინვე, როდესაც მან გირაოს პირობები დაარღვია:
"ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი ოპოზიციის ხელში არის ის, რომ იმწუთასვე არ დაიჭირეს და არ დაუმძიმეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება. ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ არ უნდა დაუმძიმდეს, მეორედაც რომ დაარღვია ამ ჰუმანური მიდგომის მიუხედავად, კანონიდან გავიდა და განცხადება გააკეთა," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.