"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოლიციას არ გაატანენ. ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ოფისში პოლიციის მისვლის შემთხვევაში, მედია მომსწრე იქნება, როგორ დაიცავს ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს.
"ჩვენთვის მთავარია ოპოზიცია იყოს ერთად, პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელსაც ოპოზიცია ქმნის, მხოლოდ ჩვენი პარტია არ აკეთებს, კოორდინაციაში ვართ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, ერთ მხარეს არის "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. ხალხს ჰგონია, რომ ბიძინა გასულია პოლიტიკიდან და კობახიძეები და გახარიები იღებენ გადაწყვეტილებას. ასეთი გადაწყვეტილებების დროს ივანიშვილი ჩარეულია და ახლა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, მოსამართლე გამოაცხადებს იმ გადაწყვეტილებას, რაც "ქართული ოცნებიდან" უკარნახეს.
პროგნოზსს არ გავაკეთებ, იმედი მაქვს კეთილგონიერება ეყოფათ და პატიმრობას არ შეუფარდებენ, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. ჩვენი ამოცანაა, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი,"- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.
მან ენმ-ს ოფისის გარეთ მობილიზებულ კასრებზე და შეშაზეც გააკეთა კომენტარი.
"კასრები და შეშა არ მინახავს, თუ დგას, ალბათ იმიტომ, რომ ვინც გარეთ იქნება, არ შეცივდეს. ჩვენ აქ ვდგავართ ფიზიკურად შენობაში. ნიკა მელიას არ გავატანთ. თუ სამართალდამცველები მოვლენ, შემოვიდნენ და ვნახოთ, თუ უღირთ, რომ შენობა დალეწონ და შემოვიდნენ, აქ დავხვდებით, ნიკა მელია თავისი ფეხით არ ჩაბარდება გავრილოვის დაკვეთის აღმსრულებლებს,"- აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან, ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ენმ-ს ოფისში მომღერალი ბუბა კიკაბიძეც მივიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.