ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ოპოზიციისთვის მიუღებელია. პირველი შეფასებები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას "ერთიან ნაციონალურ" მოძრაობაში შეკრებილი პოლიტიკოსების მხრიდან უკვე მოჰყვა.
"მეორედმოსვლების ტრადიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში. ჯერ თავის თავზე გაიარა ეს ყველაფერი, ახლა ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაა მთავრობაში, ამით არაფერი იცვლება. კარგად გვახსოვს მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, რა გააკეთა? არც არაფერი. პრემიერის კანდიდატებზე კი არ უნდა ფიქრობდეს ვინ იქნება, უნდა ფიქრობდეს ახალ არჩევნებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა შეიცვალოს და დავუბრუნდეთ განვითარების გზას, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
პრემიერ-მინისტრის კანდიდატად, ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ნეგატიურ ჭრილში აფასებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელიც.
"ადამიანები იცვლებიან, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი იყო "ქართული ოცნების" აგრესიული ფრთის წევრი და უფრო რადიკალურად ხედავდა მოვლენებს. თუ ეს ასე მოხდება, დააჩქარებს დასასრულს მისი პოლიტიკური მოღვაწეობის,"- "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი.
"ლელოში" კი თვლიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურით, "ქართულ ოცნებაში" საღი აზრი ამოწურულია.
"ასეთი აგრესიული ადამიანის დანიშვნა არის ცალსახა სიგნალი, რომ "ქართულ ოცნებაში" რადიკალურ ფრთას უფრო უსმენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პარტიაში საღი აზრის რესურსი სრულად არის ამოწურული,"- აცხადებს საბა ბუაძე.