არჩილ თალაკვაძის მოწოდებებს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების სხვადასხვა შტოებმა მიიღეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, თუ მის სახელმწიფო-კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას ექნებოდა ადგილი.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენელები აცხადებენ, ნიკა მელიას მიმართ დაწყებულ გამოძიებას სამართალთან კავშირი არ აქვს და ეს პოლიტიკურ მოტივებზე მიღებული გადაწყვეტილებაა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხორციელდება პოლიტიკური დევნა.
"დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება ადამიანების და განსაკუთრებით პოლიტიკოსების დევნა, არ ხდება ერთი და იგივე საქმეზე დეპუტატებისთვის იმუნიტეტის გაუქმება, ერთი და იმავე ბრალდებაზე აბსურდული აღკვეთის ღონისძიებების შეფარდება და ბევრი რამ არ ხდება ამ ქვეყანაში ისეთი, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყანებში წარმოუდგენელიც კი არის,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით დიქტატორულ მეთოდებზე გადავიდა.
"როდესაც თალაკვაძე საუბრობს სამართლებრივ ჩარჩოზე და დემოკრატიაზე, ეს უკვე კომიკურია და სხვა არაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებამ საბოლოოდ, სრულად და ერთმნიშვნელოვნად ამოწურა თავისი დემოკრატიული რესურსი, გადავიდნენ პირდაპირ ავტოკრატიულ დიქტატორულ მეთოდებზე და შესაბამისად, მათგან ჩვენ საუბარს დემოკრატიაზე და სამართლებრივ ჩარჩოებზე ვერ მივიღებთ და არც ხალხი არ მიიღებს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს არის კომედია, სხვა არაფერი, ტრაგიკომედია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
განცხადება გააკეთა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ოთარ კახიძემ.
"ნიკა მელიას ძალადობისკენ არ მოუწოდებია და შემდგომ როცა სიმშვიდისკენ მოუწოდებდა მომიტინგეებს, რომლებიც სამართლიანად იყვნენ აღშფოთებულები თალაკვაძის თანაგუნდელების უპასუხისმგებლო მოქმედების გამო, რომლებმაც ჩამოიყვანეს გავრილოვი და ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, საიდანაც ჩვენი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, იქ დასვეს,“ - ამბობს ოთარ კახიძე.