17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
მოვუწოდებთ როგორც საქართველოს ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად - ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად:

"ოპოზიციური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის განჩინებასა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე  ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ.

აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალებით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს.

ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები