ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა განაახლოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, რომლის მთავარი თემაც რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს, "კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ორი რამე ერთმანეთთან შეუთავსებელია და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებისთვის მხოლოდ ერთი პირობა არსებობს:
"ეს ორი რამე ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია, ჩვენ ვამბობთ რომ მოლაპარაკებების მაგიდიდან ჩვენ არ წავსულვართ, იქვე ვართ სადაც ვიყავით, ველოდებით ოპოზიციას მოვიდეს იმ წინადადებებით, რაზეც დიდი ხანია მიმდინარეობდა მსჯელობა, გარდა ვადამდელი არჩევნებისა, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების საგამოძიებო კომისია დაადგენს დარღვევას მინიმუმ 1%-ს ჩვენ სასარგებლოდ. თუ ამაზე მოდიან ისინი, კი ბატონო, სხვანაირად მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებზე გამორიცხულია," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, მოლაპარაკებების უშედეგობა განპირობებული იყო იმით, რომ ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა შედეგის მიღწევა:
"ეს მოლაპარაკების მაგიდა არა მხოლოდ ვირტუალური იყო, როგორც ჩანს, წინასწარ იყო განწირული ფიასკოსთვის, იმიტომ რომ თვითონ მეორე მხარეს, ოპოზიციის მხარეს მყოფმა რამდენიმე ლიდერმა დაადასტურა, რომ ოპოზიციის მიზანი იყო არა პარლამენტში შესვლა და რაიმეს მიღწევა, არამედ მოლაპარაკებების მაგიდის აყირავება და რევოლუციური სცენარისთვის მზადება, ეს თქვა ზურაბ ჯაფარიძემ და გაიმეორა გიორგი ვაშაძემ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას და მოლაპარაკებაზე წასვლას, აყენებდნენ ისეთ წინადადებებს, რომელზეც წინასწარ იცოდნენ, რომ არ დავთანხმდებოდით და რომ დავთანხმებულიყავით, მაინც არ აპირებდნენ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, მმართველი პარტია მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა ერთ წითელ ხაზს დაემატა მეორეც და ეს სოზარ სუბარის თქმით, არის ის, რომ კანონზე მაღლა არცერთი პოლიტიკოსი არ შეიძლება იდგეს:
"ჩვენ მზად ვართ ისევ მოლაპარაკებისთვის, ოღონდ წითელ ხაზს- რიგგარეშე არჩევნებს დაემატა მეორე წითელი ხაზი. ამას მე ვამბობ, გუნდში ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, რომ ვიღაცა თუ ამბობს, რომ ის კანონზე მაღლა დგას, ეს ვერ მოხდება და დაუშვებელია,"- აღნიშნა სოზარ სუბარმა.