პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელმაც საარჩევნო დარღვევებს და გადაცდომებს გამოიძიებს, მომავალ კვირამდე უნდა დაკომპლექტდეს.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ამ პროცესში მონაწილეობას დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი მიიღებს.
პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივნის, დეპუტატ ლევან იოსელიანის თქმით, პარტიებმა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები აქვს, ეს მტკიცებულებები უნდა წარადგინონ და მათთან ერთად თანამშრომლობისთვის მზად არის.
"საერთო სურათის აღსაქმელად და იმისთვის, რომ რეალურად მტკიცებულებები დაიდოს, ამას სჭირდება იმ პარტიების ჩართულობა, ვისაც ეს აქვს ხელში და ვინც აცხადებს, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამის დამამტკიცებელიო. უნდა მოიტანონ, დადონ და მე მათთან ერთად ვიმუშავებ, რომ დავამტკიცოთ 1%-იანიც და მეტპროცენტიანი გაყალბებაც,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება "ევროპელ სოციალისტებს", ისინი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას გეგმავენ და ამბობენ, რომ ეს არის შესაძლებლობა, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.