ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მინისტრთა კაბინეტი თითქმის ძველი შემადგენლობით დატოვა. ცვლილება მხოლოდ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შეეხო.
თავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის საჭიროება ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელების გამო დადგა, ინფრასტრუქტურის მინისტრის კი, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ახალი კანდიდატების წარდგენასთან ერთად პრემიერობის კანდიდატი ძველ მინისტრებსაც დაემშვიდობა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა კი თავად განმარტა, რომ აქტიურ პოლიტიკას ოჯახური გარემო ამჯობინა.
მადლობაში ოპონენტებმა დაპირისპირება ამოიკითხეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მაია ცქიტიშვილის წასვლა გუნდის შიგნით უთანხმოებით გამოწვეულ კრიზისზე მეტყველებს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის ორი ახალი წევრი, მათთვის ცვლილებებს ვერ უზრუნველყოფს.
ოპონენტებისგან განსხვავებით, ახლებსაც და ძველებსაც წარმატებას უსურვებენ მმართველ გუნდში. მაია ცქიტიშვილის წასვლას მხოლოდ პირად გადაწყვეტილებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ამ საკითხზე მას თანაგუნდელებთან ადრეც უსაუბრია.
მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ დადგენილება და სამთავრობო პროგრამა დღეს ბიუროს სხდომაზეც წარადგინეს, სადაც ნდობის გამოცხადებისთვის შესაბამისი პროცედურების განრიგიც გაიწერა. ხვალიდან მინისტრობის კანდიდატებს თემატურ კომიტეტებში მოუსმენენ. პროცესი ფრაქციის სხდომის ფორმატში გაგრძელდება და ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტს უკვე მიმართა.