კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს თვითმმართველობის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას სთავაზობს.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იყო. სამუშაო ვერსიის მიხედვით, ადმინისტრაცია 17 წევრით უნდა დაკომპლექტდეს, მათგან 8 პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრი იქნება, 9 კი ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები ამბობენ, რომ შემოთავაზებული ვერსია, ადმინისტრაციაში პოლიტიკური ძალების პარიტეტულ გადანაწილებას შეუწყობს ხელს.
შერეული სისტემით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას არ ეთანხმება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ცესკოს წევრები სრულად პროფესიული ნიშნით და ოპოზიციის მაქსიმალური ჩართულობით უნდა შეირჩნენ. სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე საიას წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ ახალი წინადადებაც დააყენა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, თვითმმართველობის არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაზეც მსჯელობენ.
ხმების დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენების ინიციატივა აქვს დავით ზილფიმიანს. "ევროპელი-სოციალისტების" წევრის შეფასებით, მსგავსი სისტემის დანერგვით, არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირდება. რამდენად მოხდება ტექნოლოგიების გამოყენებით შემდეგი არჩევნების ჩატარება ჯერ უცნობია, თუმცა სამუშაო ჯგუფის წევრებს, ცესკომ მსგავსი მეთოდით განხორციელებულ საპილოტე პროგრამაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა.