ადვოკატი ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული სასამართლო და მართლმსაჯულება ძალიან შორს არის იდელურისგან. ადვოკატი, "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს იმ ქცევებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც არაეთიკურად მიიჩნევს.
მისი მოსაზრებით, თუ რომელიმე ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუმცა მოსამართლის ლანძღვას მიუღებლად მიიჩნევს.
"ჩვენ შორს ვართ იქიდან, რომ გვაქვს იდეალური სასამართლო და ზოგადად მართლმსაჯულება. არა მარტო ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, არამედ ბევრ ქვეყანაში არის მსგავსი პრობლემები.
მაგალითად, ვინაიდან ადვოკატი ვარ, დავიწყოთ ადვოკატებიდან: ჩვენ, ადვოკატები ძალიან ბევრ შემთხვევაში, არ ვიქცევით მინიმუმ ეთიკურად, როდესაც ვლანძღავთ მოსამართლეებს იმიტომ, რომ მხარეების ნებისმიერი საქციელი სასამართლო დარბაზში როგორც ადვოკატის, ასევე მოსამართლის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების პოლიტიკას ქმნის.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თუ კი არ მოგვწონს რომელიმე გადაწყვეტილება მოსამართლის, უნდა გავასაჩივროთ, მაგრამ ლანძღვა, როგორც მინიმუმ, არ არის კარგი ტონი, ანუ სასამართლო დარბაზში უნდა ვიდავოთ სასამართლო საკითხებზე და არ უნდა ვაკეთებდეთ პოლიტიკურ განცხადებებს.
ძალიან არ მომწონს, როდესაც ბევრ დროს ვუთმობთ საუბარს იმაზე, თუ რა იყოს 2012 წლამდე. ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად არ არსებობდა მართლმსაჯულება, სასამართლო და ვიცით, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერი მიდიოდა ცარიელი ყდებით საქმეები სასამართლოში და არც ერთ მოსამართლეს კითხვა არ უჩნდებოდა თუ რატომ ჰქონდა, მაგალითად, დალურჯებული თვალები, მოტეხილი ხელი, ან ფეხი ამა თუ იმ განსასჯელის სკამზე აღმოჩენილ ადამიანებს. მოსამართლეები ცალსახად გამოიტანდნენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც დაუკვეთავდა პროკურატურა.
პარალელს გავავლებ, როდესაც საუბარი იყო 2 დღის წინ, ესეც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო დაშვებული, როცა მელიას შემთხვევაში პირდაპირ ტრანსლირება მიდიოდა სასამართლო პროცესის და მიმართეს მოსამართლეს, რომ აი დაკვეთაა, მიიღე ეს, შეასრულე და ა.შ. და ამ დაკვეთაზე საუბრობდნენ ის ჩემი კოლეგები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდნენ პროკურორებს, სამართალდამცავ წარმომადგენლებს და მათი არაერთი საქმე გვახსოვს. მაგალითად, 25 წლის გოგონა, რომელიც ტაბიძის ქუჩაზე შეყვარებულთან შეხვედრაზე იყო მისული და ერთ-ერთმა ადვოკატთაგანმა დააკავა, ეს იყო სრულიად გაუგონარი ამბავი, შემდეგ ის გოგონა, რა თქმა უნდა, გათავისუფლდა, მაგრამ ეს გოგო იყო ძალიან მძიმე როგორც ემოციურ, ასევე ზოგადად მდგომარეობაში.
არ შეიძლება ასეთმა ადამიანმა, რომელიც თვითონ ასრულებდა ასეთ დაკვეთებს, ღიად ამაზე საუბრობდეს მაშინ, როდესაც უშუალოდ თვითონ ინსტრუმენტი, შემსრულებელი იყო. აქ გვაქვს ორმაგ სტანდარტთან საქმე," - განაცხადა "ღამის კურიერში" ადვოკატმა ირმა ჭკაუდამ.