17 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
მინისტრთა კაბინეტისადმი ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ფრთხილად ვიმოქმედოთ - ნინო წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, მომავალი პრემიერ-მინისტრი, პანდემიის გამო არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს და ამიტომ, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას დეპუტატები ყურადღებას ამ საკითხზეც გაამახვილებენ.

"აქცენტი გვექნება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით სიახლეებზე. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახალი კადრია, გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს ალბათ რეგულაციებთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ვიმოქმედოთ ფრთხილად," - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის შეფასებით კი, ქვეყნისთვის და მომავალი მინისტრთა კაბინეტისთვის მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს მომზადება 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად. ასევე მისი თქმით, მთავარი ამოცანაა პანდემიის დაძლევა.

მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენს ამ წუთებში პარლამენტი. დღეს მინისტრობის კანდიდატები საკუთარი პროგრამით 6 კომიტეტის წინაშე წარდგებიან, მთავრობაში ორი ახალი სახეა - თავდაცვის მინისტრის პორტფელს - ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი მაია ცქიტიშვილს - მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. თანამდებობას ინარჩუნებს ყველა სხვა მინისტრი.

დღის ამბები