ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი, 2021-24 წლებში კი საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისად განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.
ნათია თურნავას განცხადებით, ამის საფუძველს, მათ შორის, იძლევა ის პოზიტიური სტატისტიკა, რაც 2020 წელს დაფიქსირდა.
"2020 წელს გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, ანუ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს იყო, რადგან გასულ წელს ჩვენი ექსპორტის შემცირების ტემპი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმპორტის. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგიც, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ადგილობრივი წარმოების ექსპორტში, რეექსპორტის გამოკლებით, დაფიქსირდა აბსოლუტური ზრდა - 3, 5 პროცენტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს მთავრობის პოლიტიკის და მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საექსპორტო წარმოება, მიუხედავად პანდემიისა, ზოგჯერ მისივე წყალობით, უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, და ახალი ბაზრებიც მოიპოვა.
"ასევე დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო გადაზიდვებში და ესეც იმ პოლიტიკის შედეგია, როდესაც ჩვენ, 2020 წელს, ანტიკრისიზული ღონისძიებების შედეგად ვუზრუნველყავით ჩვენი პორტების, რკინიგზის, ჩვენი სახმელეთო გადამზიდავი კომაპან იების უსაფრთხო ფუნქციონირება, და მთლიანად, სხვადასხვა სატრანსპორტო დარგის მიერ, გასულ წელს გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელში გვაქვს 1 პროცენტიანი ზრდა, რაც, ცხადია, მოკრძალებული ზრდაა და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა გლობალური კრიზისი და პანდემია, მაგრამ ეს არის პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენს ქვეყანას რეგიონში გამოარჩევს," - განაცხადა ნათია თურნავამ.