17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
"ჩვენი მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოინახოს შექმნილი სიტუაციის განმუხტვის გზები" - გიორგი კანდელაკი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოში იმყოფება, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეხვდა. ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ლიეტუველი მეგობრები ყველა კრიტიკულ ვითარებაში როგორც დღევანდელი ხელისუფლების, ასევე წინა მთავრობის დროს, საქართველოს ედგნენ გვერდში. 

"მთავარი მიზანი არის კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკების გზით და როგორც დასაწყისშივე გითხარით, ჩემი აზრით, თუ ვინმეს აქვს მორალური და პრაგმატული ავტორიტეტი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე, ეს არიან ჩვენი ლიეტუველი მეგობრები, რომლებიც ყველა კრიტიკულ ვითარებაში ამ მთავრობის დროს, წინა მთავრობის დროს, საქართველოს ედგნენ გვერდში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ შეხვედრის დროს საკუთარი ხედვები შესთავაზეს, თუ როგორ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები კრიზისის განსამუხტავად.

"ჩვენი მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოინახოს გზები ამ შექმნილი სიტუაციის განმუხტვისა. და რა თქმა უნდა, ჩვენ გავცვალეთ აზრები, შევთავაზეთ ჩვენი ხედვა თუ როგორ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები კრიზისის განსამუხტავად. აბსოლუტურად აუცილებელია მოლაპარაკებების განახლება, სწორედ ეს არის მთავარი სულისკვეთება იმ მრავალი განცხადებისა, რაც უკვე გაკეთდა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები