17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"ის არის წინააღმდეგობრივი პერსონა "ქართული ოცნების" შიგნითაც" - ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ადრესატად რჩება

ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ადრესატად რჩება. პრემიერ მინისტრის პოსტზე მისი მეორედ დასახელება ლიდერებისთვის არის სიგნალი, რომ "ქართული ოცნება" ჩიხშია.

პოლიტიკოსების შეფასებით, განახლებული მთავრობა თავიდანვე წარუმატებლობისთვისაა განწირული და რიგგარეშე არჩევნები მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა.

"ღარიბაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამახსოვრა საკუთარი თავი არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც განსაკუთრებული არაკომპეტენტურობით და ასევე განსაკუთრებული თავხედობით. როდესაც არაკომპეტენტურობა და თავხედობა ერთად არის წარმოდგენილი პოლიტიკოსში, ის სახიფათოა საკუთარი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას მას კონფრონტაციულ ადამიანად ახასიათებს.

"მე არ მგონია, რომ რომელიმე მინისტრის შეცვლა და ახალი სახელი და გვარის გამოჩენამ რამე შეცვალოს ამ ქვეყანაში, რამე პოზიტიური ცვლილებები მოხდეს, თუნდაც იმ მიმართულებით, სადაც მინისტრები იცვლებიან და ასევე არ მგონია კარგი კანდიდატურა იყოს თვითონ ღარიბაშვილი, იმიტომ რომ ის არის საკმაოდ კონფრონტაციული და წინააღმდეგობრივი პერსონა თვითონ ქართული ოცნების შიგნითაც,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით ქვეყნის წინაშე დგას, თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი პასუხები არ არსებობს.

"რატომ ჩააგდეს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, რატომ არ არის ვაქცინა, რატომ არის ჩამოქცეული ეკონომიკა, რატომ ვერ იხსნება ქვეყანა, რატომ გვაქვს კრიტიკული სიტუაცია სოციალური დაცვის მიმართულებით, რატომ არის განათლების რეფორმა ჰაერში დაკიდებული, რატომ არის კულტურა სრულიად მიუხედავი, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ჩაკვდა ეს პროცესი. ამაზე არც კითხვები ისმება რეალური და მით უმეტეს არ არსებობს პასუხები,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები