ლიეტუვას სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი პარლამენტში იმყოფებოდა. ჟიგიმანტას პავილიონისი ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველ კოლეგებთან საუბრის მთავარი თემა შეეხებოდა პერსპექტივას, თუ როგორ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას დაპირისპირებული მხარეები.
"გვქონდა კარგი საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ვფიქრობ, ახლა იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის პირობებში.
მე მსურს, რომ საქართველო იყოს ჩემპიონი ამ სივრცეში, რადგან საქართველო არის კავკასიაში ამ პოლიტიკის შუქურა. რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ, ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობაში,ამიტომ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. დიახ ამისთვის საჭიროა შიდა სიტუაციის დეესკალაცია დიალოგის გზით. რასაც ვამბობთ, იქნება გამეორებული ყველა დონეზე, იქნება ეს საგარეო საქმეთა მინისტრი თუ პრეზიდენტი, ვინც შესაძლოა ეწვიოს თქვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ მზად, დახმარება გაგიწიოთ, ჩვენი ისტორიული გამოცდილების შესაბამისად. ჩვენ ერთი გაკვეთილი კარგად ვისწავლეთ, რომ მემარჯვენეებმა და მემარცხენეებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ სტრატეგიულ მიზნებს მოაღწიონ. ჩვენ რაც შეგვიძლია ისაა, რომ გვყავდეს მეგობრები ყველა მხარეს და გვიყვარდეს საქართველო მთელი გულით და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არ მგონია, რომ ოდესმე იპოვით ერთი ევროპელ პოლიტიკოსს, ვინც ქართულ ჯვარს მკერდით ატარებს - მე ამას ყოველდღე ვაკეთებ. ჩვენ მართლა გვსურს დახმარება, გთხოვთ გააკეთეთ ყველაფერი რაც შესაძლებელია გაერთიანებისთვის. წინ გაქვთ კონსტიტუციის დღე, 100 წელი გადის ოკუპაციის დღიდან მომდევნო კვირას, აღვნიშნოთ ეს დღეები როგორც ერთიანობის დღე, დიალოგის დღე.
ვიმედოვნებ ორივე მხარე იპოვის ამის ძალას. მსურს შევხვდე ყველა მხარეს რომ ყველა კუთხიდან შევხედო საკითხს,შესაძლოა გამოსავლის გზებზე ხვალ უფრო მეტის თქმა შევძლო. ყველაფერი თქვენს ხელშია,თქვენი პრობლემები გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება, ყველაფერი დაკარგოთ.
მახსოვს, ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი,როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, ჟიგის, ან ვუერთდებით ნატოს და ევროკავშირს, ან ვკვდებით. თქვენც ან მიდიხართ ლიეტუვას გზით, ან ხდებით ბელორუსი. რა არჩევანს გააკეთებთ? თუ გსურთ ლიეტუვას გზით სვლა, გაერთიანდით, ვიდრე გვიანი არ არის. გვიანი იქნება ქუჩებში ტანკებს რომ დაინახავთ. პრობლემა ისაა, რომ რუსებს დღეს ტანკები აღარ სჭირდება, თქვენ თქვენით ებრძვით ერთმანეთს, პუტინს საუკეთესო საჩუქარს უკეთებთ.
ვფიქრობ "ქართული ოცნება" მზადაა ხიდების მშენებლობისთვის და იმედი მაქვს, რომ ის ხალხი, ვინც პარლამენტში არ არის, ამისათვის ასევე მზად არიან. თუმცა ამისათვის დიალოგის პარტნიორები გვჭირდება, ამიტომ იმედი მაქვს, საუბრებს ნიკა მელიაც დაესწრება, რადგან ციხიდან ეს რთული გასაკეთებელი იქნება," - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჟიგიმანტას პავილიონთან სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრეს.
"მე ვუთხარი მას, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელიც მას გათვითცნობიერებული აქვს და კარგად იცის. რაც შეეხება ოპოზიციასთან შეხვედრას, ის ასევე დააყენებს იმ საკითხს, რომ ვითარება წავიდეს დეესკალაციისკენ და კონსტრუქციული ნაბიჯები იქნას გადადგმული. მან ჩვენი არგუმენტები მიიღო. შემდეგ ვისაუბრეთ სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე. მისი პოზიციაა, რომ ეს დაძაბულობა არავის აწყობს, გარდა ერთი ქვეყნისა, ეს არის რუსეთი, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.