საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსტიტუციის 100 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციამ უამრავი ცვლილება განიცადა, რის შედეგადაც გადაიქცა უბრალო ტექსტად და დაკარგა ეროვნული შეთანხმების მნიშვნელობა.
მან ხაზი გაუსვა, რომ 2012 წლს "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა იმ ძალაზე, რა დროსაც კონსტიტუცია ერთი კონკრეტული ადამიანის ნება-სურვილს მოერგო.
"ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო და ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მტკიცე დასაყრდენი შეიქმნა. პირველი კონსტიტუცია, საერთო აღიარებით, თავისი დროის გამორჩეულად პროგრესული ტექსტია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. იგი ამკვიდრებს თავისუფლების, თანასწორობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ იდეალებს, რომელიც, მოგვიანებით, მთელს განვითარებულ სამყაროში დაედო საფუძვლად სახელმწიფოთა სამართლებრივ მოწყობას.
ამავდროულად, ის, როგორც იურიდიული დოკუმენტი ჰარმონიულად ათანხმებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებსა და საწყისებს, მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილებასთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა ხალხის მტკიცე ნება, განპირობებული ჩვენი წარსულით და ნაკარნახევი მომავალი თაობების ინტერესებით, უმდიდრეს ისტორიულ და კულტურულ ნიადაგზე აეშენებინათ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო, თავისუფალ და თანასწორ ადამიანთა ერთობა. ქვეყანა, რომელიც საკუთარ უნიკალურ გზას გადის და განვითარების ფართო ასპარეზს ქმნის თავისი თითოეული მოქალაქისთვის.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, კონსტიტუციამ, რომელიც საამაყო უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, იმდენი ტრანსფორმაცია განიცადა, გადაიქცა ტექსტად, რომელმაც დაკარგა ეროვნული შეთანხმების მნიშვნელობა. 2012 წლის 1 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა მთელი ხელისუფლება, მიტაცებული ჰქონდა როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე, კონტროლიც, ყველა სახელისუფლებო თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ ძალას ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი კონსტიტუცია. 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ერთი ადამიანის ნება-სურვილს მოერგო,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.