17 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
დღეს ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან და ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კონსტიტუციის 100 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, წინა ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას გაუსვა ხაზი. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ძალა დღესაც გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს. 

"ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმის გადაყვანა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე მხოლოდ ერთი მიზნით მოხდა - რომ უვადოდ გაგრძელებულიყო მოძალადე ხელისუფლის მმართველობა. სწორედ ამგვარად იყო დაჭრილი და დაჩეხილი ის დოკუმენტი, როდესაც, ქართველი ხალხის ნებით ანტიკონსტიტუციური მმართველობა შეიცვალა.

2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა და დასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე სტანდარტებს შესაბამისი ფორმა, როგორიც იყო მისი 100 წლის წინამორბედი. ამიტომ, მინდა მივულოცო ბატონ ირაკლის ის დამსახურებული ჯილდო, რაც მან მიიღო საქართველოს პარლამენტის სახელით.

ეს მართლაც ეროვნული დოკუმენტი ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. ამ კონსტიტუციით ჩვენ, ქართველი ხალხი, შევთანხმდით, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი მტკიცე და შეუქცევადი მიზანია. ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით, რომ აღარასოდეს მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება მოქალაქეების უფლებების დაკნინების ხარჯზე, შევთანხმდით, რმ ქვეყნის ძირითად კანონს ვეღარასოდეს მოირგებს საკუთარ თავზე რომელიმე პოლიტიკურ ძალა თუ მმართველი, შევთანხმდით ყველა იმ კულტურულ მარკერზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას მრავალფეროვან სამყაროში, რომელიც თავისუფლების და დემოკრატიის იდეებს, ოჯახს და ეკლესიას ეფუძნება.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან. მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ეს დამნაშავე ძალა, მათ უარი განაცხადეს არჩევნებს შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, ბოიკოტი და რადგან ვერ შეძლეს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან.

დღეს 21-ე საუკუნის, არც ამას მოვერიდებოდი, შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები