პარლამენტი ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს უსმენს. ვახტანგ გომელაური დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს. ადამიანის უფლებათა, თავდაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იმყოფებიან ასევე თავდაცვის, იუსტიციის და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებიც. მოსმენის შემდეგ დეპუტატები კითხვებს დასვამენ.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა.
"2020 წელს 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით. შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტრესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიზნით, მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით კი, თავდაცვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში არსებული უპრეცენდენტოდ მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება.
"ყველა მიმართულებით გაგრძელდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მუდამ განიცდის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით წნეხს. ასევე, გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების უკანონო თავისუფლების აღკვეთა.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლის სურვილზე - შეიცავს უსაფრთხოების რისკებს, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. არსებული გარემოებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ღირებულებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის შესაქმნელად, საქართველო ვალდებულია განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება.
თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებად დასახული გვაქვს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერება და ჩვენი სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა.
თავდაცვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში არსებული უპრეცენდენტოდ მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება,"- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ გამოწვევებსა და რუსეთზე წნეხის გაძლიერების აუცილებობაზე გააკეთა აქცენტი.
"საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენი რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შექმნილ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, ეს უკავშირდება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის, იძულებით გადაადგილებული პირის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ურთულეს ხვედრს, რომელთაც უწევთ ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკავება.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს საკუთარ გაძლიერებულ ძალისხმევასთან ერთად მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, მოხდეს ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება, მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომის საშუალებ,"-განაცხადა თეა ახვლედიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში უწყება ყველაფერს გააკეთებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
"ჩვენ გვექნება ინტენსიური სამუშაოები განსახორციელებელი ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ ერთი წლის ვადაში უნდა წარვადგინოთ დეტალური ინფორმაცია და მასალები - თითოეული დარღვევის მიხედვით და მოვითხოვოთ მოქალაქეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კომიტეტმა დაიწყოს კომპენსაციის გარდა სხვა ღონისძიებების განხორციელება გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
მეორე, დაიწყება საქმის წარმოება საქართველოს მიერ, 2018 წელს, რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი ახალი, სახელმწიფოთაშორისო საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება განგრძობად ოკუპაციას, ამის შედეგად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას.
მესამე, ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განვიხილავთ სხვა საერთაშორისო პროცედურების შესაძლებლობას.
მეოთხე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად სამართლებლივ დონეზე მიღწეულ წარმატებას, ჩვენ ყველა შესაბამის საერთაშორისო და პოლიტიკურ ფორუმზე გამოვიყენებთ,"- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში