შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სისტემის რეფორმირების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.
"სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები," - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე - მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, სამომავლოდ იგეგმება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, დანაშაულის პრევენციის მიზნით არასრულწლოვნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან კომუნიკაციის დოკუმენტის შემუშავება და სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია.