შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებას არ აქვს შეზღუდული დრო, როდის უზრუნველყოფს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ გამოიტანა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების შეჩერების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
"ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. სასამართლოს განჩინება, რომლის აღსრულებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა, ჩვენ ამას აღვასრულებთ დღეს, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ. პირადად მე გადავწყვიტე, რომ ეს შემეჩერებინა, რადგან შუა ღონისძიების დროს მძიმე იქნებოდა პრემიერის გადადგომა, არ იქნებოდა სწორი და მე გადავწყვიტე, რომ გამეჩერებინა დაკავების ღონისძიება. როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა?! ნორმალური იქნება, რომ ვთქვა, არ ვიცოდი-მეთქი?! ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს, როგორ შეიძლება ადამიანთან როცა მეგობრობ და ახლოს ხარ, არ გითხრას, რომ უნდა გადავდგე,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.